Scope Ratings-მა „მიკრობანკების" შესახებ კანონი შეაფასა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
სტატიაში საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოსთან შედარებით მიკრობანკების ჩარჩოს უპირატესობაზე, რაც სესხის გაცემის გაზრდილ ლიმიტს შეეხება.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მიკრობანკების სექტორი სწრაფად გაიზრდება და, შესაძლოა, 1 მილიარდი ლარის მოცულობის წლიური ზრდაც აჩვენოს, ნათქვამია სააგენტო Scope Ratings-ის სტატიაში, რომელშიც საქართველოში მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო არის შეფასებული.
Scope Ratings-ი წამყვანი ევროპული საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც სახელმწიფოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციებისთვის დამოუკიდებელ საკრედიტო რეიტინგებს, კვლევებს და რისკების ანალიზს ამზადებს. 2023 წელს სააგენტო აღიარა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რითაც მისი საკრედიტო რეიტინგები ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოს (ECAF) მიხედვით მისაღებად იქნა მიჩნეული.
„გვჯერა, რომ უფრო დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობის ხარჯზე მიკროსაბანკო სექტორი სწრაფად გაიზრდება. დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს", - აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გაზრდის, ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერასა და ეკონომიკურ ზრდას, ნათქვამია ეროვნული ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მიკრობანკი არის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სააქციო საზოგადოების სახით, ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ. ის გასცემს სესხებსერთ ადამიანზე ან პირთა ჯგუფზე არაუმეტეს ერთი მილიონი ლარის ოდენობით, მოიზიდავს დეპოზიტებს, ხსნის და ემსახურება საკორესპონდენტო ანგარიშებს, გააჩნია საკუთარი საბანკო ბარათები უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებისთვის.
სტატიაში აღნინშნულია , რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის. ამასთან, აღნიშნულმა განაპირობა MBC-ის რეიტინგის B/დადებითიდან B+/სტაბილურ დონემდე გაუმჯობესება.
სტატიაში საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოსთან შედარებით მიკრობანკების ჩარჩოს უპირატესობაზე, რაც სესხის გაცემის გაზრდილ ლიმიტს შეეხება.
„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მკაცრი, ერთწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელახლა გააკეთონ განაცხადი შეზღუდვების გარეშე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა MBC-ის შემდეგ მიკრობანკის ლიცენცია მიმდინარე წლის 12 თებერვალს სს "კრისტალზეც" გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0