„რუსთაველი მთლიანად შეიცვლება" - როდის დაიწყება გამზირის რეაბილიტაცია?

© photo: Sputnik / Stringerგზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება - 60 მილიონი ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტ6რუქტურას.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მაისში აპირებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო პროექტი გადაიდო. როგორც ადრე მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურით დაიწყება.
„ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომლის საგზაო ინფრასტრუქტურა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. სავარაუდოდ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის დავასრულებთ ", - განაცხადა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები, ასევე განთავსდება მიწისქვეშა ურნები - ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

„მთლიანად შეიცვლება რუსთაველის გამზირი. იქნება ახალი დიზაინით, ყველანაირად კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირებზე ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება", - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება. გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობები", - განაცხადა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მილიონი ლარი დაუჯდება - 60 მილიონი ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტ6რუქტურას.
დედაქაქლაქის მთავარ გამზირზე სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს - გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ქალაქის მცხოვრებთათვის საგზაო მოძრაობის გეგმა ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0