დეპუტატი: ხელისუფლების მიზანია თავად დააფინანსოს მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
„გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თავად დააფინანსოს ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 18 თებერვალს დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, გრანტებს გასცემს ახალი უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო და დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.
„ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და მეორე, თავად დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. თუ უცხო ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავიანთ ინტერესებს, საქართველომ საკუთარი ინტერესების გატარება რატომ არ უნდა დააფინანსოს?", – აღნიშნა კვიჟინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლადო ბოჟაძის განცხადებით კი სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ სურვილი ემსახურონ ქვეყანას, ექნებათ საშუალება წარადგინონ პროექტები და მიიღონ შესაბამისი დაფინანსება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და შესაბამისად, მისი ხარჯვა და კონტროლი ისევე იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო სახსრების", -განაცხადა ბოჟაძემ.
„გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილების კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0