ტრაგედია „ოცნების ქალაქში”: დაღუპული ბავშვების ოჯახებს პირველმა პირებმა მიუსამძიმრეს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი
ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2025
გამოწერა
ბათუმში გვიან ღამით, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი ბავშვი დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღამით ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
ტრაგედია გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ , „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ღამით ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე ირწმუნებოდა, რომ ბინების მშენებლობა ტერიტორიაზე ჯერ არ მიმდინარეობდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ადგილი სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის. მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია, ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კორპუსის, სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0