ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

© EYOF 2025 Bakurianiბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა
ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2025
გამოწერა
რვა სპორტსმენისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა ფესტივალი ერთი ოქროს მედლით დაასრულა
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ასევე თბილისი და ბათუმი მასპინძლობდა, კვირას საღამოს დასრულდა.
ოლიმპიური ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაიმართა ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში. საქართველოში ევროპის 48 ქვეყნიდან ათასამდე სპორტსმენი ჩამოვიდა. შეჯიბრებები ჩატარდა რვა დისციპლინაში: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი.
შეჯიბრის დასკვნით დღეს თბილისში ყინულის ჰოკეიში ტურნირის ორი გადამწყვეტი მატჩი გაიმართა: მატჩი ბრინჯაოსთვის ჩეხეთსა და უკრაინას შორის, შემდეგ კი ოქროს მედლისთვის დუელი სლოვაკეთსა და შვეიცარიას შორის გაიმართა. ჩეხეთმა უკრაინა 4:1 დაამარცხა, შვეიცარიამ კი სლოვაკეთი - 5:2.
რვა სპორტსმენისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა ფესტივალი ერთი ოქროს მედლით დაასრულა, რომელიც მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიპოვა.
ყველაზე მეტი მედალი იტალიის ნაკრებმა მოიპოვა - 16 (მათ შორის 7 ოქრო), შემდეგ მოდის საფრანგეთი - ხუთი ოქროთი და შვეიცარია - ოთხით.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში ასპარეზობამ საქართველოს მოუტანა ჯამში ოთხი მედალი, ოთხივე მოციგურავეებმა მოიპოვეს. პირველი მედალი (ვერცხლი) ვახტანგ მურვანიძემ შვედეთში 1997 წელს მოიპოვა. ნიკა ეგაძემ 2017 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2023 წელს კი ვერცხლი კონსტანტინე სუპატაშვილმა.
ოლიმპიური ფესტივალის მთავარი შეჯიბრებები ბაკურიანის ტრასებზე გაიმართა, თბილისმა ჰოკეის ტურნირებს გოგონებსა და ვაჟებში უმასპინძლა. ბათუმის ყინულის სასახლეში მოციგურავეთა გამოსვლები გაიმართა.
2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“. 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართა შეჯიბრებები საზაფხულო სპორტის ცხრა სახეობაში. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შეიქმნა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის მიერ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს არის რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრი EOC ასოციაციის წევრი 50 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის. ფესტივალი, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0