საქართველოს ეკონომიკა აქტიურ ზრდას გააგრძელებს - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
კონკრეტული, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. იანვარი ძალიან აქტიური იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც უნდა გაგრძელდეს 2025 წლის განმავლობაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ახალი მონაცემების კომენტირებისას.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,2%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარი შეადგინა, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,4%-ით მეტი. ექსპორტმა 403,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 19,3%-ით მეტია.
„ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით... იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, კონკრეტული, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე.
მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის განვითარებაზე, მათ შორის, ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება.
„დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში, ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული. პირიქით, გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია
26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება.
აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0