რამდენი ადამიანი იღებს პენსიასა და სოციალურ დახმარებას საქართველოში — ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2025
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში ქალებზე ხანდაზმულობის პენსია 60 წლიდან, მამაკაცებზე კი 65 წლიდან გაიცემა.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში პენსიას 864.3 ათასი ადამიანი იღებდა, ხოლო სოციალურ დახმარებას — 185,4 ათასი.
უწყების მონაცემებით, საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 70,8%-ს ქალები შეადგენენ.
ამასთან, საქართველოში პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია — სადაც პენსიონერთა მთლიანი რაოდენობის 15,6% ცხოვრობს, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი — პენსიონერთა 10,3%-ით.
რაც შეეხება სოციალური პაკეტის მიმღებებს, მათ შორის პენსიონერთა საერთო რაოდენობის 67,3% მამაკაცია. გარდა ამისა:
სოცდახმარების მიმღებთა 71,1% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,
13,1% — ომის ვეტერანი,
11,3% — მარჩენალდაკარგული ოჯახები,
4,4% — სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები,
0,1% — სხვა სახის სოციალურ პაკეტებს იღებს.
თბილისში სოციალურ დახმარებას მიმღებთა მთლიანი რაოდენობის 27,5% იღებს, იმერეთში — 15,9%, აჭარაში — 12,1%, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 9,4%, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში — 35,1%.
2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390,8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128,6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77,1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33,2 ათასი.
დღეისათვის საქართველოში ქალებზე ხანდაზმულობის პენსია 60 წლიდან, მამაკაცებზე კი 65 წლიდან გაიცემა. საქართველოში სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არის 350 და 450 ლარი ასაკის მიხედვით. ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამასთან, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მეტია დახმარება. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (ზრდასრულები) - 16 წლამდე მოზარდის შემწეობა 200 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0