გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2025
გამოწერა
გუშინ, სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-თან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს
თბილისი, 3 თებერვალი— Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, 2 თებერვალს სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის გასასვლელ/შემოსასვლელის ბლოკირება დააანონსეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათმა მხარდამჭერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა შეკრება 16:00 საათიდან დაიწყეს.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით 18:00 საათისთვის დაიწყო. მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ გზის იმ ნაწილზე, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტომაგისტრალის მთლიანად დაკავება და ტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვა.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის 31 პირი დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ათამდე პირი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. შვიდ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

„სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს „ცხელი ხაზის" მეშვეობით დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
ამ დროისთვის, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი, რომელთა შორისაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან.
გუშინ შსს-მ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება კანონით აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. უწყებაში შეახსენეს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია 68-ე დღეა იმართება
ყველა ახალი ამბავი
0