„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2025
გამოწერა
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტსტო აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის „ტვ პირველის" ოპერატორი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი".
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირება დააანონსეს - ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ მხარდამჭერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა შეკრება 16:00 საათიდან დაიწყეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით გადაადგილდებიან.
მანამდე კი მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის გასასვლელი იყო, აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე პირი, რომელთა შორის არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე თბილისის ექს-მერი, „ნაცნოძრაობის" ყოფილი წევრი გიგი უგულავა.
აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა. რა დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ გზის იმ ნაწილზე, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტომაგისტრალის მთლიანად დაკავება და ტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვა.
დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0