კარგად დაფიქრდნენ, სანამ დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტენ: რას ურჩევს დეპუტატი დემონტრანტებს

© photo: Sputnik / Stringerდავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2025
გამოწერა
კვირას აქციის მონაწილეები სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზების ბლოკირებას გეგმავენ
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს და არ მისცემს არავის იმის საშუალებას, რომ გადაიკეტოს საავტომობილო მაგისტრალები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ.
„მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას კარგად დაფიქრდნენ, სანამ დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტენ... ამ ქმედებით, როგორც სახელმწიფოს მიაყენებენ ზიანს, ასევე საკუთარ თავისუფლებას, რადგანაც სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მკაცრად დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს, არ მიცემს არავის იმის საშუალებას, რომ გადაიკეტოს საავტომობილო მაგისტრალები”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, მისი გადაკეტვა ან ბლოკირება ისჯება კანონით, საკმაოდ მძიმე სანქციით, რადგანაც ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
დეპუტატმა მოუწიდა აქციის მონაწილეებს კარგად დაფიქრდნენ, სანამ დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტენ და ამით საკუთარ თავს ჩაიგდებენ საფრთხეში.
„ყველა პირი, ვინც იქნება ასეთ ქმედებაში შემჩნეული, ბუნებრივია, იქნება დაისჯება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. ვინც მსგავს წინადადებას, მსგავს სურვილებს გამოთქვამს და ახალისებს ადამიანებს, ბუნებრივია, მათ მიმართაც იქნება დაწყებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები”, -აღნიშნა მათიკაშვილმა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა, ან ევროპის სატრანზიტო გზა E-60, არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0