კვარაცხელია პირველივე ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
25 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიამ „პსჟ"-ს გუნდის შემადგენლობაში „რეიმსის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა და ასისტიც მიითვალა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „რეიმსის" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის გვერდმა მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.
„პირველად კვარაცხელია“ – ასეთი ლაკონური პოსტი გამოაქვეყნა ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა, რომელმაც ქართველი შემტევი მისთვის ჩვეულ, მარცხენა შემტევის პოზიციაზე გაამწესა, ხოლო ფანების სიმბოლურ გუნდში ხვიჩა ცენტრალური თავდამსხმელია.
25 იანვარს კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენში“ „რეიმსთან“ (1:1) ჩაატარა და მეორე ნახევრის დასაწყისში ახალ გუნდში პირველად გაიბრწყინა: საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. მალე თავად კვარაცხელია შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
„პსჟ" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავს. გამომდინარე იქიდან, რომ კვარაცხელია საევროპო განაცხადში არ არის, თამაშს გამოტოვებს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
კვარაცხელია, რომელიც ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, მოედანზე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს.
ყველა ახალი ამბავი
0