რატომ გაითიშა MagtiCom-ის ინტერნეტი? კომპანია განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
MagtiCom-ის აბონენტებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. 27 იანვრის საღამოს MagtiCom-ის ნახევარ მილიონზე მეტი აბონენტი სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე დარჩა, ნათქვამია ინტერნეტ-პროვაიდერის განცხადებაში.
ინტერნეტის მოწოდებაზე პრობლემა 21:00 საათის შემდეგ დაფიქსირდა. როგორც MagtiCom-ში განმარტეს, „გლობალური პრობლემის" მოგვარება მხოლოდ გვიან ღამით გახდა შესაძლებელი. საქართველოში ასობით ათას აბონენტს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ინტერნეტი არ მიეწოდებოდა.
„27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, MagtiCom-ის ინტერნეტ-შეერთება საქართველოსთან ევროპიდან ხორციელდება.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება - ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
„MagtiCom-ის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის.
შპს MagtiCom, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დაარსდა, როგორც მობილური ოპერატორი, კომერციული საქმიანობას 1997 წლის სექტემბერში შეუდგა. იგი ეკუთვნის ამერიკულ კომპანიებს: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, Magticom-ის მომსახურებით 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს Magticom-ს - 508 ათასი, Silknet-ს - 322 ათასი, New Group Networks - 64 ათასი და Skytel - 58 ათასი.
ყველა ახალი ამბავი
0