პროკურატურამ ექს-პრემიერი დაზარალებულად ცნო

© photo: Sputnik / Stringerირაკლი გახარია
ირაკლი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
ინციდენტის შემდეგ გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა - ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძესთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" პარტიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია 14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გახარია და სამხარაძე მონაწილეობდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესროლა გახარიამ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სამხარაძეს სახეში ერთჯერადი ჭიქა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და დარტყმა მოჰყვა.
„ახლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს", - განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.
ინციდენტის შემდეგ გახარია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ოპოზიციონერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მათ შორის იყო მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე გიგი უგულავა, პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სხვები.
„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას აკუთვნებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას და რევოლუციის მოწყობას.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ყველა ახალი ამბავი
0