სიმართლე თუ ტყუილი: პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
სამსახურის ცნობით, ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და აღნიშნულ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა.
27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელი ინტერნეტ-გამოცემის დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს გაატაროს მყისიერი ზომები და უზრუნველყოს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პენიტენციურ უწყებაში განმარტეს, ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
სამსახურის ცნობით, ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ჟურნალისტი მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
„ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია", - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.
ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0