ვიცე-პრემიერი: რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2025
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის არარსებობის ფონზე, თბილისმა ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტში წარმატების მიღწევა შეძლო, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ნებისმიერი ბიზნეს-ასოციაციის დაარსება მხოლოდ მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ახალი რუსულ-ქართული ბიზნეს-ასოციაციის შექმნა იგეგმება, რომელიც მეღვინეობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ჩართულ 60-მდე ბიზნეს-სუბიექტს გააერთიანებს.
„ვაჭრობის კუთხით ჩვენ რუსეთს მივიჩნევთ მნიშვნელოვან პარტნიორად, თუმცა ის არის სპეციფიკური პარტნიორი მრავალი შეზღუდვისა და პოლიტიკური წინაპირობის გამო. ვიცით, რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ გვაქვს მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით“, - განაცხადა დავითაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი მხოლოდ მიესალმება ახალი ასოციაციების შექმნას.
„რომ ეარსება ბიზნეს-საბჭოს ან ასოციაციას, რომლბიც ხელს შეუწყობდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ჩვენ ამას მივესალმებოდით, რადგან ორგანიზებულ ბიზნესთან ქმედებების კოორდინირება ბევრად უფრო ადვილია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის არარსებობის მიუხედავად, საქართველომ ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტში წარმატებას მიაღწია.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ემბარგოს რეჟიმიდან დაბალანსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე ეფექტურად გადასვლა, რაც, პირველ რიგში, საქართველოსთვის იყო საინტერესო, ვინაიდან ნულოვანი ექსპორტი მილიარდზე მეტით ჩავანაცვლეთ და უარყოფითი სავაჭრო სალდო ჩვენს სასარგებლოდ მივმართეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ძირითადი წილი ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, მინერალური წყალზე, გაზიან სასმელებზე და ხილზე მოდის. საქართველოს კი ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არმატურა, ხორბალი და მზესუმზირის ზეთი.
ყველა ახალი ამბავი
0