საქართველომ ევროკომისიას ეკონომიკური რეფორმების სამწლიანი პროგრამა წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2025
გამოწერა
დოკუმენტი წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან გეგმას.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველომ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთვის“, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ (Economic Reform Programme - 2025-2027) დოკუმენტი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის N31 განკარგულების შესაბამისად. საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან გეგმას.
„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.
აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. გადაწყვეტილებას 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შედეგად საქართველო ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს შეუერთდა და დადგენილ ვადებში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026 წლებისთვის“,
2023 წლის ნოემბრის დასაწყისში ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს გადაედგა ცხრა ნაბიჯი, მათ შორის არის თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვა.
უკვე 2024 წლის 28 ნოემბერს ხელისუფლებამ განაცხადა 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შესახებ, რამაც ქვეყანაში პროტესტის ტალღა გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ ჩერდება. აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი თქმით, არჩევნები „ტოტალურად“ გაყალბდა, თუმცა ეუთოს დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესში რაიმე კრიტიკული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0