UFC: მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

© courtesy of Merab Dvalishviliმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2025
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული - 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გაიმართა, 34 წლის ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
პირველი და მეორე რაუნდები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მესამე რაუნდში დვალიშვილის უპირატესობა გამოიკვეთა, მან რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა. მერაბ დვალიშვილის უპირატესობა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ასევე, მერაბ დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული - 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0