მმართველი პარტია: „გლობალური ომის პარტიამ“ დიდი ბრიტანეთი სათამაშოდ აქცია

© photo: Sputnik / Aleksander Makarovდიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2025
გამოწერა
„გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თუ დიდი ბრიტანეთი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომე ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ეს იმის დასტური იქნება, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ იგი უკრაინის დონემდე დააყვანა, ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადება აშშ-ის კვალდაკვალ წამოაყენეს. მიმართვას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.
„თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა", - ნათქვამია განცხადებაში.
„გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთი „გლობალური ომის პარტიის“ სათამაშოდ იქცა.
„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა, რომელიც არსებობდა ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში, 21-ე საუკუნეში ბრიტანეთის მთავრობამ მთლიანად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
„სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა", - ნათქვამია განცხადებაში.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
შტატებმა ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
გარდა ამისა, აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მეტიც, შტატებმა დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე „მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს. აშშ-მა ისინი საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.
ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.
პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, თბილისში მიტინგებმა კი მასშტაბური და სისტემატური ხასიათი მიიღო. საპროტესტო ტალღა 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღებს.
აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცავს. „ოცნებამ“ ევროკავშირის ქვეყნებიდან მილოცვები მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთისგან მიიღო.
საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთო/ოდირმა, რომელიც არის არჩევნების შეფასების მსოფლიოში მთავარი ინსტიტუტი, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ უნდა დაისვას.
ყველა ახალი ამბავი
0