მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2025
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ქალაქ ბაქოში დაგეგმილი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი მე-10 სხდომის გამართვის საკითხს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა.
„მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორმხრივი ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
გარდა ამისა, საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში - ეს არის შუა დერეფანი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანა ევროკავშირის ქვეყნებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0