ზურაბიშვილი: მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი
14:09 09.01.2025 (განახლებულია: 15:01 09.01.2025)
© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
გამოწერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მედიისთვის პირველი ბრიფინგი ახალ ოფისში გამართა, რომელიც ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მედიისთვის პირველი ბრიფინგი ახალ ოფისში გამართა, რომელიც ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.
„მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ აქ არის სულისკვეთება და აქ გრძელდება ამ ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქცია, ქვეყნის, რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი არის არალეგიტიმური. მისი თქმით, „ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი“.
„მთავრობა, როგორც პარლამენტი, არის არალეგიტიმური. მათი საფუძველი არის მოპარული არჩევნები... ეს რაღაც ფანტასმაგორიული რეალობა, რომელშიც უნდათ რომ გვაცხოვრონ, რომელიც არის მოწყვეტილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ მოწყვეტილია გარე თანამეგობრობისგან. ყოველივე ამის გამო საქართველო იზოლაციაში მოექცა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები.
„აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - არჩევნები. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს. არჩევნები ჩაინიშნება თავისთავად თუ დაიშლება მმართველი პარტია, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ახლა არჩევნებს. ორი აზრი არ არის, რომ არჩევნები დაინიშნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის და იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.
„მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ახალ საპარლამენტო არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი დღის კითხვაა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და გავაგრძელოთ ბრძოლა. მე მაქვს ეს როლი. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვიქნები ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დეკემბრის ბოლოს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე ზურაბიშვილს იწვევს, „როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში“. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და ირანის რეჟიმის თავდასხმების პირისპირ აჩვენა".
ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე, რომელიც მისი რეზიდენცია იყო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 2024 წლის 29 დეკემბერს დატოვა, სწორედ იმ დღეს, როდესაც პარლამენტში გაიმართა ახლადარჩეული პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს, რომელთანაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია კონფლიქტში შევიდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი დახმარება დაიწყო.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება არ აღიარეს არც ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არც ზურაბიშვილმა და მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ყოველდღიური აქციები იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.