ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1-ელი იანვრიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2025
გამოწერა
ახალი 2025 წელი საქართველოს მოსახლეობას გაახარებს როგორც ტრადიციული განახლებებით, ისე ახალი წესებითა და აკრძალვებით.
„Sputnik საქართველო" მკითხველს სთავაზობს ყველა იმ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში.
სასიამოვნო სიახლე პენსიონერებისთვის
ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების გაზრდა.
1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირთათვის პენსია შეადგენს 450 ლარს, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 540 ლარს.
70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირებისთვის კი 420 ლარი.
ჯარში გაწვევა ახალი წესით
1-ელი იანვრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესების მიხედვით, გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური".
წვევამდელებისთვის სამხედრო სამსახურის ვადა ექვსი თვიდან 11 თვემდე იქნება - წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები.
გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით - ასაკი 18-დან 27 წლამდეა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – ჯარში სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
სიახლეები მწეველებისთვის
1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს თითქმის ყველა პროდუქტზე აქციზის გაზრდას.
აქციზის გადასახადი საშუალოდ 0,1-0,2 ლარით გაიზარდა, ხოლო სიგარეტის ღირებულებამ წინასაახალწლო პერიოდში საშუალოდ 0,3-0,5 ლარით მოიმატა. საქართველოში ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულება 5,8 – 6 ლარიდან იწყება.
სიახლეები კაზინოებისა და ტოტალიზატორებისთვის
2025 წლის 1-ელი იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადები იზრდება.
ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 15%-ის ნაცვლად 20%-ით.
თუმცა, ეს არ ეხება შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად.
ახალი წესები ავტოიმპორტიორებისთვის
2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი.
შეზღუდვა დაწესდა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
სიახლეები ჩინოვნიკებისთვის
2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში 10%-ით გაიზარდა ყველა რანგის საჯარო მოხელის, ასევე სამხედროების და პოლიციის თანამშრომლების ხელფასები.
გარდა ამისა, გაზრდილ ხელფასს მიიღებენ მინისტრების მოადგილეები, ავტონომიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს წევრები.
მათთვის, ვინც ვერ მოასწრო 2024 წელს
საქართველოში გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ცხოვრებას გაუადვილებს.
2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს მოაგვარონ მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ასევე, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და მისი შენარჩუნების შესახებ განცხადებების შეტანის ვადა.
საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით და რომლებმაც მოქალაქეობა დაკარგეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0