2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2025
გამოწერა
ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ყველაზე მთავარია, რომ 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, რადგან სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საახალწლო მიმართვის დროს.
„რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. პრემიერის თქმით, 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე საქართველოსთვის და ქვეყანას კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად.
„მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სამშობლოს წარმატებაში.
„ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება. ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს.
„თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია.
პრემიერმა აღნიშნა ის სპორტული გამარჯვებებიც, რომლებსაც ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მიაღწიეს.
„პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა“, - განაცხადა პრემიერმა.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.
პრემიერის თქმით, 2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს!“ - განაცხადა პრემიერმა მიმართვის დასასრულს.
ყველა ახალი ამბავი
0