ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა აღიარა

© courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა.
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
წინასასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებული ბექა ჯაიანი, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში იგი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ, მხოლოდ მკვლელობის ნაწილში ცნობს. ხოლო იმ ნაწილში, სადაც საუბარია კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით სისტემატურად ცემის ეპიზოდზე, ჯაიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, - განაცხადა ჯაიანმა.
პროკურატურამ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. ბრალდების მხარის განცხადებით, ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული.
რაც შეეხება თავად ბრალდებულის დაცვის მხარის პოზიციას, სალომე არდოტელს პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცლა არ მოუთხოვია. მან მხოლოდ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერის ნიშნით სისტემურად ძალადობდა.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, არ არსებობს არცერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს.
37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს დიდ დიღომში, საკუთარ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი 26 წლის მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა. მას სასამართლომ 20 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იგი სრულიად შერაცხადია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე (გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 126-ე (გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ბექა ჯაიანს16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0