თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა: დღესასწაული პროტესტის ფონზე
© photo: Sputnik / Stringerორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
სოფელი განთავსდა სამ ლოკაციაზე - ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და იუსტიციის სახლთან.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა.
წელს დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს - დაანონსებულია დაუვიწყარი შთაბეჭდილებები თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის.
ამჯერად საახალწლო სოფელი ცენტრალური ქუჩებიდან ოდნავ მოშორებით განლაგდა. სოფელი განთავსდა სამ ლოკაციაზე - ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და იუსტიციის სახლთან. ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.
© photo: Sputnik / Stringerორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა
ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა
© photo: Sputnik / Stringer
სოფლის სტუმრებს ელოდებათ წარმოდგენები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მრავალფეროვანი თემატური ღონისძიებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსების კონცერტები და ზღაპრის გმირების მსვლელობები.
ადგილზე ასევე მოეწყობა დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვისხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, სანტას სახლი და სახელოსნო.
პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გასულ წელს. ასევე გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
თავდაპირველად ბაზრობის ნაწილის და თოვლის ბაბუის სახლის დადგმა რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა, მაგრამ მომიტინგეების გამო, რომლებმაც 28 ნოემბრიდან ცენტრალური გამზირი თავიანთი შეკრების ადგილად აქციეს, მერიას გეგმების შეცვლა მოუწია.
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი საახალწლო ხე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან
საქართველოს მთავარი საახალწლო ხე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან
© photo: Sputnik / Stringer
რაც შეეხება მთავარ საახალწლო ნაძვისხეს და ქალაქის ილუმინაციებს, იგი 16 დეკემბერს აინთო. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამო, ცერემონიამ დამატებითი ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
გაუქმდა ასევე კომპანია Coca Cola-ს ტრადიციული საახალწლო მატარებელი, რომელიც ბოლო წლებში ტურისტებს იზიდავდა და უამრავი ბლოგერის კამერის ობიექტივში ხვდებოდა.
ისევ ღიად რჩება საახალწლო კონცერტის ჩატარების ადგილი და მონაწილეების საკითხი. პროტესტის გამო 200-ზე მეტმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა უარი თქვა მერიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
საახალწლო სოფლის კიდევ ერთი სიახლე ბაზრობის მონაწილეთა განახლებული შემადგენლობა იქნება. ზოგიერთმა კომპანიამ - აქციის ტრადიციულმა მონაწილემ - უკვე თქვა უარი მონაწილეობაზე. იმავდროულად, თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მათ მხოლოდ ცხრა კომპანიის ოფიციალური უარი მიიღეს.
საახალწლო სოფლის გახსნის დღემ უკვე ტრადიციად ქცეული საპროტესტო მსვლელობების ფონზე ჩაიარა. დღეს თბილისში გაიმართა გეიმერების, სტუდენტების, იოგების, მეგრელების, სვანების, რაჭველების მარშები.
© photo: Sputnik / Stringer2024 წლის 28 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ.
2024 წლის 28 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ.
© photo: Sputnik / Stringer
საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.