საქართველოს მთავრობა მზადაა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები - პრემიერი

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, გადახედოს საკანონმდებლო ბაზა და მიიღოს ზომები საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა განიხილოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნების ჩატარების თაობაზე და, სადაც ეს შესაძლებელია, გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა.
OSCE/ODIHR-ის მისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საფუძველზე 28 რეკომენდაცია გამოაქვეყნა.
„მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ საკითხზე ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია გააჩნია, მაგრამ მთავრობა მზადაა გაითვალისწინოს დასაბუთებული შენიშვნები.
ეუთო/ოდირის ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
საკვანძო რეკომენდაციები:
ხელისუფლებამ პროაქტიულად უნდა აღკვეთოს ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა, ძალადობა არჩევნების დროს
საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა საარჩევნო კომისიებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინირების თავიდან აცილების მიზნით და მათი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
პოლიტიკურ დაფინანსებაზე კონტროლის მკაცრი წესების შემუშავება;
სათანადო ზომების მიღება მედიის მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
საარჩევნო დავების დროს გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, გადახედოს საკანონმდებლო ბაზა და მიიღოს ზომები საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას.
ყველა ახალი ამბავი
0