ბიზნესზე ზეწოლის მცდელობები ჩავარდა - პრემიერი

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2024
გამოწერა
ხელისუფლების პოზიცია იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს უჭერენ მხარს, არის ის, რომ ბიზნესის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის ყველა მცდელობა, განაცხადა პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ათასზე მეტმა ბიზნეს-კომპანიამ დაუჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და 28 ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნას. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება. ამ ფონზე დაიწყო ეროვნული ვალუტის (ლარის) გაუფასურება და გაჩნდა შიში, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებასა და ტურიზმზე.
„რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა ვერავითარი არსებითი შედეგი ვერ მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს უჭერენ მხარს, არის ის, რომ ბიზნესის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.
„ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე გვქონდეს კონსულტაციები ბიზნესთან“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მსხვილი ბიზნესის 20 წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს, დეკემბრიდან კი ბიზნეს-გარემოს გამოცოცხლებაა მოსალოდნელი.
„აქაც მოხდება იგივე, როგორც იყო მცირე რყევა რამდენიმედღიანი ლარის კურსის შემთხვევაში, ასევე ძალიან მალე დაუბრუნდა თავის ნიშნულს ლარის კურსი და კიდევ უფრო დასტაბილურდება და იგივე ეხება ბიზნეს აქტივობებსაც. მაშინაც იყო მოკლევადიანი რყევები და იმის გამო, რომ საერთო მაკროეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი, ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება ხოლმე პირვანდელ მდგომარეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. სულ რაღაც ექვს დღეში, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ლარი 4,8%-ით გაუფასურდა. 28 ნოემბერს, აქციების დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,7422 GEL/$1 იყო, 4 დეკემბერს კი ლარი 2,8746 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
მშვიდი ვითარების დადგომასთან ერთად ქართული ვალუტის გამყარება დაიწყო და ლარის კურსი დოლართან მიმართებით 21 დეკემბერს 2,8082 GEL/$1 განისაზღვრა. მთლიანობაში 28 ნოემბრიდან ლარის კურსი 2,4%-ით დაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0