სახდეპი საქართველოს ახალი სანქციებით დაემუქრა

© AFP 2024 / DANIEL SLIMსახდეპი
სახდეპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
ამჟამინდელი მოქმედებები ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, და აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა, განაცხადა სახდეპის წარმომადგენელმა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.
ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს „მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი შეათანხმა დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც 19 დეკემბერს თავის მხრივ დააწესა სანქციები გომელაურის და კიდევ სხვა ოთხი ძალოვანის წინააღმდეგ.
„სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის არის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე“, - განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მხარდაჭერა აღუთქვა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის დაყენებას მათ მიმართ, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს.
შეერთებულმა შტატებმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები დაუწესა „მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის მოღვაწეების და მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობისთვის, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს“.
სანქციების სიაში შეყვანა (ე.წ მაგნიტსკის სია), სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს შეერთებულ შტატებში არსებული აქტივების გაყინვას, შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას, გარდა ამისა აშშ-ს მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ფიგურანტებთან ბიზნესის კეთება.
კერძოდ, საუბარია 28 ნოემბრიდან საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგიდან ამოიღონ ქვეყნის ევროკავშირში 2028 წლისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.
როგორც აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციებს არაპროპორციული ძალადობით უპასუხეს, ასევე მიზანმიმართულად ესხმოდნენ ჟურნალისტებს, როდესაც ისინი აშუქებდნენ ძალადობას, და არაერთხელ განახორციელეს ძალადობა დაკავებული მომიტინგეებს წინააღმდეგ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის მაისში გდდ ასევე ძალადობრივად დაესხა თავს ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს და ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს.
გარდა ამისა, გდდ-ს წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ძალადობრივი აქტები, მათ შორის სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი მომიტინგეებს. გდდ-ს მიერ განხორციელებულ ძალადობას კი გომელაური და კეზევაძე აკვირდებოდნენ, იმ პირების გარდა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები უფრო ადრე დააწესა.
აშშ-მ 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
შეერთებულმა შტატებმა ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა სასტიკ რეპრესიების მოწყობაში ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს.
რაც შეეხება მორგოშიას და მახარაძეს, ისინი, აშშ-ს აზრით, არიან მშვიდობიანი მომიტინგეების და მარგინალიზებული თემების მიმართ ძალადობის მხურვალე მხარდამჭერები.
2021-2023 წლებში მორგოშია და მახარაძე ხელს უშლიდნენ უმცირესობათა საპროტესტო აქციებს, დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, იბლოკება ზემოაღნიშნული პირების ყველა ქონება და ქონებრივი ინტერესი, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის პირების მფლობელობასა ან კონტროლ ქვეშ. ასევე იბლოკება ის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე დაბლოკილ პირს.
ყველა ახალი ამბავი
0