საქართველომ შესაძლოა „გამჭვირვალობის“ კანონი შეცვალოს – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიალენ ბერსე
ალენ ბერსე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
სამუშაო ჯგუფში შევლენ საქართველოსა და ევროსაბჭოს, მათ შორის ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, განაცხადა ბერსემ
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზად არის შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას განიხილავს, განაცხადა თბილისში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.
„გამჭვირვალობის“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მიმართულია მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე დასავლური ანალოგები.
„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“, - განაცხადა ალენ ბერსემ.
თავის მხრივ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იქნება მიღებული მხოლოდ დასაბუთებული შენიშვნები.
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ კანონის მიღების დროს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს კანონი დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.
რეზონანსული კანონი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, მმართველმა პარტიამ მაინც მიიღო და იგი ძალაში 3 ივნისს შევიდა. იგი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) მიერ გამოყოფილი ფინანსები საქართველოში ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
კანონის ძალში შესვლის მომენტიდან დღემდე საქართველოში უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში 382 არაკომერციული ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს 16 მედიაორგანიზაცია და 120 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
ყველა ახალი ამბავი
0