მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

© National Statistics Office of Georgiaმზადება მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის
მზადება მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა როგორც „კარდაკარის“, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბერს უნდა დამთავრებულიყო.
აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება „კარდაკარის“ პრინციპით პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.
„აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ „საქსტატის“ წარმომადგენელს, ანუ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი ასევე შეაფერხა გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა“, -ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე „საქსტატმა“ გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალიც, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი.
ამ შემთხევაში „საქსტატის“ ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს „საქსტატის“ ვებსაიტზე (https://census2024.geostat.ge/ka), გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.
„საქსტატის“ ცნობით, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით, აუცილებელია, რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.
კითხვარი მოიცავს: სახელი და გვარი, მისამართი, ასაკი, სქესი, ოჯახის წევრები, მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლება, ენების ცოდნა, ქორწინება და შვილების ყოლა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, კითხვარი მოიცავს ინფორმაციას ოჯახის შესახებ, მათ შორის მის შემადგენლობას, საცხოვრებელ ადგილს, სახლის აშენების წელს, ფართობსა და ოთახების რაოდენობას, ბინის ან სახლის კეთილმოწყობას - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ხელმისაწვდომობას, ქონების საკუთრების ფორმას.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გარდა, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც გაიმართება. კითხვებს შორისაა მიწის ფართობი და მისი საკუთრების და გამოყენების ფორმა, სახნავი მიწის სტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა, ვაზის სახეობები და ბუჩქების რაოდენობა, პირუტყვის და ფრინველების სულადობა და ფუტკრის სკების რაოდენობა.
მისი თქმით, აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - 2026 წლის ივნისში.
ყველა ახალი ამბავი
0