საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა, მიაწოდოს რუსეთს ელექტროენერგია

© Sputnik / Denis Aslanovსვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2024
გამოწერა
საქართველო ელექტროენერგიას მიაწოდებს რუსეთს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობიდან გამომდინარე, განაცხადა „ინტერ რაოს“ წარმომადგენელმა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ, ისევე როგორც აზერბაიჯანმა, დაადასტურა მზადყოფნა, მიაწოდოს რუსეთს ელექტროენერგია საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, განაცხადა ალექსანდრა პანინამ, რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ერთადერთი ოპერატორის, Inter RAO-ს საბჭოს წევრმა.
2024 წლის ოქტომბერში რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ინტერ-რაომ" აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა 300 მგვტ ელექტროენერგიის დარეზერვება რუსეთში ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მიწოდებისთვის.
„პასუხი მივიღეთ, აზერბაიჯანმა გვიპასუხა, რომ შეუძლია საგანგებო დახმარება გაწევა 250-300 მეგავატით, საქართველომ თქვა, რომ ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. წინასწარ ვერ გპირდებიან, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებენ სიტუაციიდან გამომდინარე“, - განუცხადა პანინამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, 2024 წელს აზერბაიჯანს რუსეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აქვ განხორციელებული.
რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2024 წლის შედეგების მიხედვით მოსალოდნელია 8,5 მლრდ კვტ/სთ მოცულობით, იმპორტი შეადგენს 1,8 მლრდ კვტ/სთ, განაცხადა პანინამ.
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან.
უწყების ინფორმაციით, ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, არსებული პროცედურების თანახმად, ერთჯერადად იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე.
ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება მეზობელი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, განაცხადეს სამინისტროში.
„რუსეთის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირდება რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია ენერგეტიკულ სექტორში მხოლოდ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით. 2023 წელს საქართველომ აფხაზეთისთვის რუსეთიდან 790 მლნ კვტ/სთ შეისყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოს რუსეთში ელექტროენერგია არ გაუყიდია. ქართული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელი თურქეთია, რომელზეც 2023 წელს მთლიანი ექსპორტის 89% მოდიოდა. დანარჩენი ელექტროენერგია აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიგზავნა.
ამასთან, საქართველოში ოპერირებს რუსული კომპანია „ინტერ-რაო", რომელიც საქართველოში ფლობს არა მხოლოდ ენერგოგამანაწილებელ კომპანიებს „თელასს" და „თელმიკოს", არამედ მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს.
2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ-რაოს" შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ-რაოს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით თითქმის 3,4%-ით გაიზარდა და 8,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. თუ ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგია არ იქნება საკმარისი, საქართველო მას ძირითადად ირანიდან და თურქეთიდან შეისყიდის.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოიხმარეს 13,7მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. გასულ წელს გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0