ცესკოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს: პირველი გადაწყვეტილებები

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2024
გამოწერა
ცესკომ 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შეამციროს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქმიანობის მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და შტატების შემცირების გამო დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ხმების ავტომატურ დათვლას და ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, პირველად საქართველოში ფართო მასშტაბით 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე სისტემით 2025 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
სიახლეების გათვალისწინებით, ცესკომ 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შეამციროს.
„ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცესკო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციას მოითხოვს ინსტიტუციური საჭიროებები და თანამშრომლების დასაქმების პროცესში ის ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საჯარო ინსტიტუცია მყარად და გეგმაზომიერად მიყვება განვითარების გზას და ითვალისწინებს ყველა თანამედროვე ტენდენციას თუ ინსტრუმენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის - ქალაქებისა და რაიონების მერების, ასევე საკრებულოს დეპუტატების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არჩევნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე საპარლამენტო, ვინაიდან 64 ქალაქისა თუ რაიონის მერები და დეპუტატები ირჩევიან ცალ-ცალკე, თითოეული მათი მუნიციპალიტეტის საზღვრებში.
ყველა ახალი ამბავი
0