თბილისში „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2024
გამოწერა
წელს საახალწლო სოფელში მონაწილეობის მსურველთა შორის 800-ზე მეტი მეწარმე იყო.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანზე, დენაენის პარკში, იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.
„ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი „საახალწლო სოფელი გაიხსნება“, -განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგანაც საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.
„ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მე არ მინდა საზოგადოების დაყოფა. ყველა ჩვენი მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ჩარჩოებში გააპროტესტონ და არა ძალადობრივი გზით, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე“, -განაცხადა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო დღეებში მეწარმეების შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ, თითქოსდა 200-მა მათგანმაღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოსდა 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი“, -დასძინა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, იმ 200 კომპანიიდან, რომლებმაც „საახალწლო სოფელში" მონაწილეობაზე უარი თქვეს, განაცხადი მხოლოდ ცხრამ შეიტანა.
წელს „საახალწლო სოფელში" მონაწილეობის მსურველთა შორის 800-ზე მეტი მეწარმე აღმოჩნდა, განაცხადა კალაძემ.
სოფლის სტუმრებს ელოდებათ წარმოდგენები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მარავალფეროვანი თემატური ღონისძიებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსების კონცერტები და ზღაპრის გმირების მსვლელობი.
ადგილზე ასევე მოეწყობა დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვისხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, სანტას სახლი და სახელოსნო.
პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გასულ წელს. ასევე გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
რაც შეეხება მთავარ საახალწლო ნაძვისხეს და ქალაქის ილუმინაციებს, იგი 16 დეკემბერს აინთო. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამო, ცერემონიამ დამატებითი ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
ყველა ახალი ამბავი
0