აშშ-სთან მტრობა საშიშია, მეგობრობა სასიკვდილო: ამერიკელმა პროფესორმა საქართველო გააფრთხილა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი - ვაშინგტონი
თეთრი სახლი - ვაშინგტონი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2024
გამოწერა
ექსპერტის თქმით, საქართველოს არავინ მოუწოდებს უარი თქვას სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ აუცილებელია, მის პოლიტიკაში შორსმჭვრეტელი იყოს და მეზობლებს კარგად მოექცეს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა უფრო საშიშია, ვიდრე მტრობა, მით უმეტეს, რომ ამერიკაში არც კი იციან სად მდებარეობს თბილისი და საქართველო - აი, რატომაც სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენა, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
ამასთან, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.
„რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა, „ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო“. ის გულისხმობდა, რომ აშშ შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ, მათ ისიც კი არ იციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მით უმეტეს, არ იციან, თბილისი და საქართველო სად არის. დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით, იყავით ფრთხილად", - განაცხადა საქსმა ტელეკომპანია Imedi-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოს არავინ მოუწოდებს უარი თქვას სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ აუცილებელია, მის პოლიტიკაში შორსმჭვრეტელი იყოს და მეზობლებს კარგად მოექცეს.
„არავინ გეუბნებათ, რომ დანებდეთ, მარცხი აღიაროთ. იყავით წინდახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იმავეს გირჩევთ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით", - განაცხადა საქსმა.
ექსპერტის აზრით, რეგიონისა და აქ მიმდინარე პროცესების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია იმ ქვეყნების გათვალისწინება, რომლებსაც ესაზღვრებით.
„საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა — სომხეთმა, აზერბაიჯანმა — უნდა შეხედონ რუკას და მეზობელ სახელმწიფოებს. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანები", - განაცხადა საქსმა.
პროფესორის თქმით, აშშ საქართველოს ვერც საკუთარი თავისგან და ვერც მეზობლებისგან ვერ დაიცავს, ამიტომაც ქვეყანას დიპლომატია სჭირდება.
„საჭირა წინდახედულება, სიფრთხილე, ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ - ნატო, გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა", - განაცხადა საქსმა.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0