საქართველოში რიგი დარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება: დეტალები

© photo: Sputnikსაპროტესტო აქციის მონაწილეები
საპროტესტო აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2024
გამოწერა
ჯარიმების ზრდა ასევე შეეხება საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიერ შეკრებებზე აკრძალული საგნების, მათ შორის, იარაღისა და პიროტექნიკის ქონას.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას შენობების იერსახის დამახინჯების, ვანდალიზმისა და „მანიფესტაციების შესახებ" კანონის ნორმების დარღვევისთვის.

მიღებული ცვლილებების თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმების დარღვევისთვის შეკრების მონაწილეებითვის ჯარიმის ოდენობა 500-დან 5 ათას ლარამდე გაიზრდება.

ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 5-დან 15 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა 15 დღემდე ვადით შენარჩუნდება.
წესი შეეხება:
სამართალდამცავი ორგანოების შენობებიდან, პენიტენციური დაწესებულებებიდან, რკინიგზის სადგურებიდან, აეროპორტებიდან, პორტებიდან 20 მეტრის რადიუსში აქციების ჩატარების აკრძალვას;
მაგისტრალების, გზების, შენობების შესასვლელების ბლოკირებას;
ძალადობისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ მოწოდებებს;
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებს;
ეროვნული შუღლის გაღვივებას.
ჯარიმების ზრდა ასევე შეეხება საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიერ შეკრებებზე აკრძალული საგნების, მათ შორის, იარაღისა და პიროტექნიკის ქონას. ხოლო აქციაზე ნიღბებისა და ლაზერული ან სხვა მკვეთრი გამოსხივების მქონე ფანრების ქონისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება.
ასევე, 300-დან 1 ათას ლარამდე გაიზრდება ჯარიმა ვანდალიზმისთვის, რომელიც გულისხმობს მოედნებზე, გზებზე, პარკებსა და სკვერებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება/განადგურებას. საუბარია მათ შორის სათვალთვალო კამერების, საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების დაზიანებაზე.
მსგავსი დანაშაულის განმეორებით ჩადენისას (თუ არ არის საუბარი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე) ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება, აღნიშნული დანაშაული ასევე ითვალისწინებს 5 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
გარდა ამისა, გაიზრდება ჯარიმები ქალაქებისა და სოფლების იერსახის დამახინჯებისთვის. საუბარია ნებისმიერი სახის უკანონო გრაფიტის, პლაკატებისა და ბანერების განთავსებაზე ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ნებადართული, მათ შორის შენობებზე, ხეებსა და გზების სავალ ნაწილზე.
ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში, თბილისის გარდა, მსგავსი ქმედებებისთვის ჯარიმა 50-დან 1 ათას ლარამდე, თბილისში კი 200-დან 1 ათას ლარამდე გაიზრდება.
ადმინისტრაციულ შენობებზე, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე გრაფიტისთვის ჯარიმა 2 ათას ლარამდე გაიზრდება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. ამ დროისთვის თბილისში ჯარიმის ოდენობა 1 ათასი ლარია, ხოლო დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში - 500 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გრაფიტისა და პლაკატების განთავსებისთვის თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში ჯარიმა 1 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება.
განმეორებითი დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1-დან 3,5 ათას ლარამდე ოდენობით, დარღვევის ტიპის მიხედვით. ადრე ჯარიმების ოდენობა 500 ლარიდან იწყებოდა.
გარდა ამისა, გადაწყდა ჯარიმის დაწესება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ან მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის უკანონო ტარებისთვის, თუ ამას შეცდომაში შეჰყავს სხვა პირები. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქციად გათვალისწინებულია 2 ათასი ლარი, საგნის კონფისკაციით.
ცვლილებები ძალაში საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ეტაპობრივად, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე შევა.
ყველა ახალი ამბავი
0