რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის

© photo: Sputnik / Stringerავტოტრანსპორტი
ავტოტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2024
გამოწერა
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 183 დარღვევა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე, 57 სამართალდარღვევა დაფიქსირდა რუსთავში, 56 - ბათუმში, 55 კი ქუთაისში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, 351 დაჯარიმებულიდან 310 ფიზიკური პირია, 41 - იურიდიული პირი. 216 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 121 - მიკროავტობუსის, 14 - სატვირთო ავტომობილის მძღოლების სახელზე.
უწყების ცნობით, კანონის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 8.216 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა - 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.
საქართველოს 4 დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
ყველა ახალი ამბავი
0