როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვისხე: კალაძის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ნაძვისხე
საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2024
გამოწერა
კალაძის განცხადებით, ნაძვისხის ანთების ღონისძიება გუშინ უსაფრთხოების გამო გადაიდო.
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თუ როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვისხე, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
საახალწლო ნაძვისხის ანთების ცერემონია თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე იყო დაგეგმილი - აღნიშნული ტერიტორია საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, სადაც ასობით მონაწილე იყო შეკრებილი, რის გამოც საზეიმო ღონისძიება გადაიდო.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით მძიმე საგნების სროლის ფაქტები.
„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო, რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ვიხილეთ მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნაძვისხის ანთების ღონისძიება დროებით გადაგვედო, გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილიმინაციები უახლოეს დღეებში აინთება, რის შესახებაც მერია საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში დადგება. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრიდან შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0