რატომ შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ" არჩევანი ყაველაშვილზე? ახლადარჩეული პრეზიდენტის პასუხი

© Courtesy of Mikheil Kavelashviliმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2024
გამოწერა
პრეზიდენტის თანამდებობა - დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა არსებულ სიტუაციაში, განაცხადა ყაველაშვილმა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ საქართველოს სჭირდება ადამიანი, რომელიც საბოლოოდ დააბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
„გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატო ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა - დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა არსებულ სიტუაციაში და თავად წინადადება კი იყო ნამდვილი მოულოდნელობა.
„რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა, განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში მისი გამოსვლები, შესაძლოა, საზოგადოებას ცოტა უხეშად მოეჩვენა, მაგრამ ეს ყველაფერი შექმნილი ვითარებითა და გუნდის წინაშე არსებული ამოცანებით იყო გამოწვეული.
„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევებში რადიკალური და აგრესიული - ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. გულწრფელობა - ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვას სხვა საშუალებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0