როდის შეუწყდება უფლებამოსილება პრეზიდენტ ზურაბიშვილს? პარლამენტის სპიკერის განმარტება

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2024
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა უკვე გადააბიჯა ყველა ნორმას, კონსტიტუციას, კანონსა და ადამიანური ეთიკის ნორმებს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას 29 დეკემბერს, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან წყვეტს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცედურა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო ხმებს დათვლის და გამარჯვებულს გამოავლენს. ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მე-11 მოწვევის პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმურ ინსტიტუტებს უწოდებენ. მათი თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
„29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდება მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს საბოტაჟი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უკვე გადააბიჯა ყველა ნორმას, კონსტიტუციას, კანონსა და ადამიანური ეთიკის ნორმებს.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში სამსახურში მიდის. მას მედიასთან სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ იღებენ.
ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ როგორც ახალ პარლამენტს, ასევე მთავრობას, რომელსაც ამ პარლამენტმა ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
მათი თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, შემდეგ სასტიკად გაუსწორდა მათ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება და ოპოზიცია, თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, ცდილობს საქართველოში მაიდანის მოწყობას.
საქართველოში, 28 ნოემბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნან, საპროტესტო ტალღა დაიწყო. აქციები რეგულარულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, თბილისში კი პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. პირველ დღეებში პარლამენტთან მასიურად ხდებოდა არეულობები.
ყველა ახალი ამბავი
0