ცესკოს პრეს-სპიკერი: პრეზიდენტის არჩევნები შედგა

© photo: Sputnik / Stringerნათია იოსელიანი
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2024
გამოწერა
კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს ანუ 200 ხმას
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. 11:30 საათის მონაცემებით საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო კოლეგიის 170 წევრმა მიიღო, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ტარდება - პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია ირჩევს. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს ანუ 200 ხმას მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
„ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება პარლამენტის სასახლეში ცესკოს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე საზოგადოებას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
პრეზიდენტის ფიგურა
დღეს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა შეზღუდული უფლებამოსილებით. მაგალითად, პრეზიდენტი თავად წყვეტს ვის შეიწყალებს და იყენებს კანონებზე ვეტოს უფლებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.
სიახლე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას უკავშირდება. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა. საქართველო საბოლოოდ გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, ადრე განმარტეს კონსტიტუციონალისტებმა.
საარჩევნო კოლეგია
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 156 წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 56 წევრი
„საქართველოსთვის" - 23 წევრი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“) – 20
„ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) – 19
„ევროპული საქართველო“ - 2
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს - მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მას 211 კოლეგიის წევრი ჰყავს.
„ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მე-11 მოწვევის პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმურ ინსტიტუტებს უწოდებენ. მათი თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყაველაშვილის კანდიდატურა ღიმილის მომგვრელია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.
საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ. მათ უკვე გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე დგანან.
აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.
ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
ყველა ახალი ამბავი
0