„ხალხის ძალა“ პარლამენტში „ჯანსაღ ოპოზიციას“ შექმნის

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2024
გამოწერა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრები მე-11 მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდნენ.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. პარტია „ხალხის ძალამ“ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რათა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მე-11 მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდნენ. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 მანდატიდან 89 მოიპოვა. მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო უმრავლესობა რვა დეპუტატით შემცირდა.
„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ოპოზიციის როლი - ეკამათოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისათვის და აკრიტიკოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, აქამდე საქართველოს პარლამენტში იყო მხოლოდ „რადიკალური ოპოზიცია“.
„საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენმა, პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ ყველას დაანახებს, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია.
„ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (რაც არის სამწუხაროდ დავიწყებული), როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ დააარსეს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განაცხადეს, არ იყონ შეზღუდული შიდა და საერთაშორისო მოვლენების შეფასებაში და მმართველი პარტია უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინათ.
2022 წლის აგვისტოში „ხალხის ძალა“ შეიქმნა როგორც პოლიტიკური მოძრაობა, ხოლო 2023 წლის მარტში პარტიად დარეგისტრირდა.
ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მათ საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ყველა ახალი ამბავი
0