საქართველოში სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადები იზრდება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeკაზინო ბათუმში
კაზინო ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2024
გამოწერა
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელებისთვის საგადასახადო განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, რამინა ბერაძე, ირაკლი ხელაძე.
ცვლილებების ავტორები ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება უთანასწორო პირობები სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის სექტორში, რადგან აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი დაბეგვრის სისტემა ქმნის უთანასწორო პირობებს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორ ფიზიკურ პირებსა და საწარმოებს შორის.
ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, ნაცვლად 15%-იანი განაკვეთისა, დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით. თუმცა ეს არ ეხება შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტული თამაშობები - ისეთი თამაშობებია, სადაც მოთამაშეების ფსონების და პროგნოზების ფიქსაცია ინფორმაციის შემნახველი ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით ხორციელდება.
გარდა ამისა, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი, თუმცა ესეც არ ეხება მოგებას, რომელიც უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად არის მიღებული.
აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული - 5 პროცენტისა.
ცვლილებების ავტორების აზრით, საგადასახადო განაკვეთის ზრდის შედეგად საბიუჯეტო შემოსავლები, წლის ჭრილში, სავარაუდოდ გაიზრდება 115 მლნ ლარით, ხოლო სალონებისთვის საშემოსავლო გადასახადის ზრდა ბიუჯეტს დაახლოებით 15,4 მლნ ლარით გაზრდის.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა.
ყველა ახალი ამბავი
0