საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2024
გამოწერა
აღნიშნული ღონისძიების მიზანი საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა იყო.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში 6 დეკემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის შენობაში 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებოდათ როგორც ვიზიტორებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. უწყების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა იყო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 23 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 13 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
საპროტესტო ტალღა არ წყდება, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0