გაბუნია: ზაზა ოქუაშვილი ცდილობს „მთავარი არხი" დახუროს
21:12 11.12.2024 (განახლებულია: 22:06 11.12.2024)
© photo: Sputnik„მთავარი არხის" მიკროფონი
© photo: Sputnik
გამოწერა
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა არხი დახუროს, განაცხადა „მთავარი არხის" გენდირექტორმა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.
გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი ამას აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის ხელით, რომელიც დაინიშნა იმისთვის, რომ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად.
„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, უკანონოდ აკავებენ და ასამართლებენ და ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე", - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც ხელისუფლებას და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - დახუროს „მთავარი არხი“.
„ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე", - განაცხადა გაბუნიამ.
„მთავარი არხის" გენდირექტორის თქმით, ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით ტელეკომპანია უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მათ ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.
„სინამდვილეში თუ დღეს ვინმე „მთავარ არხზე“ აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე. და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს", - განაცხადა გაბუნიამ.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო.
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები თავიდან იყვნენ ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%).
2020 წელს გვარამიამ და ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს და „მთავარი არხის“ 40%-იანი წილის მესაკუთრეები ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები გახდნენ.
კერძოდ, 39% წილის მფლობელი ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული, ლონდონში რეგისტრირებული BGIM ltd-ია, რომელმაც საქართველოში მის მფლობელობაში მყოფი კომპანიებისგან: „ბენმონტი“, „ომეგა მოტორს ჯგუფი“, „მონტე“, „მატრიქსი“ და მაგული ხარებავასაგან 15 წლით გადაიბარა წილები მართვის უფლებით. მას 40 % პროცენტის მართვა შეეძლება. „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე კი ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა.
ცვლილებების შედეგ „მთავარი არხის” წილები ასე გადანაწილდა: BGIM ltd – 39% , ნიკა გვარამია – 12%, მარი ანა რურუა – 2.5%, თეიმურაზ ვასილიძე – 1%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, ბენმონტი – 0.2%, მონტე – 0.2%, „ომეგა მოტორ ჯგუფი" – 0.2%, „მატრიქსი" – 0.2%, მაგული ხარებავა – 0.2%.