დეპუტატი: დაისჯება ყველა, ვინც ქართულ სახელმწიფოზე ასწევს ხელს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2024
გამოწერა
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია საქართველოში ვითარების გამწვავების მიზნით სისხლისღვრის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ვინც ხელს ასწევს სახელმწიფოს ან მოქალაქეების წინააღმდეგ, მკაცრად დაისჯება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
სამშაბათს, 10 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საპროტესტო მუხტის აწევის მიზნით გეგმავენ სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი, უკონტროლო პროცესები და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა.
„როგორც ეტყობა, მათი [ოპოზიციის - რედ.] თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის სიმძიმე უფრო მეტად გამოიკვეთოს. ამ ყველაფრის მისაღწევად არ ერიდებიან ეს უსამშობლო ადამიანები სისხლი დაიღვაროს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატმა სიფრთხილისკენ მოუწოდა ყველას, ვინც გეგმავს და ფიქრობს, რომ კრიმინალის ჩადენის შემდეგ დაუსჯელი დარჩება.
„ისინი ძალიან ცდებიან, რადგან სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანის - ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0