ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა - მილიარდერის ქონება Bloomberg-ის ვერსიით

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში ქართველი მილიარდერის ქონება 1,13 მლრდ დოლარით გაიზარდა
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. გამოცემა Bloomberg-ის ვერსიით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება 7,73 მილიარდი დოლარია, მილიარდერების სიაში 391-ე ადგილზეა.
ეკონომიკური გამოცემის ცნობით, წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში მილიარდერის ქონება 1,13 მლრდ დოლარით გაიზარდა - სიაში მსოფლიოს 500 მილიარდერია შეყვანილი.
Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი განთავსებულია აქციებში, ფიქსირებული შემოსავლის აქტივებსა და ნაღდ ფულში. გარდა ამისა, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფლობს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ერთ წელიწადში ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში - იგი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონი დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.
ყველა ახალი ამბავი
0