დეპუტატი: აშშ საქართველოში ძალადობას ახალისებს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2024
გამოწერა
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე მიღებული უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებები, ახალისებს ძალადობის ფაქტებს საქართველოში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ბოლო დღეებში „ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებზე. ბლინკენზე დაყრდნობით საელჩოში განაცხადეს, რომ აშშ ემზადება გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალება, სანქციების ჩათვლით, რათა უზრუნველყოს „ძალადობაში დამნაშავე და ძალადობის ვითარების შექმნის ხელშემწყობი პირები" მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
„ჩვენ გვახსოვს წინა წლებში, წინა თვეებში მიღებული უსაფუძვლო გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით იგივე ბატონი ბლინკენის გახმოვანებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც „აგენტურის" მხარდასაჭერად ჰაერიდან მოტანილი უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები მიიღება, სწორედ ისინი ახალისებენ ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.
„გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ კაცს „კაცი“ და ქალს „ქალი“ არ დაუძახონ. ასეთ ხალხთან სალაპარაკო ჩვენ არაფერი გვაქვს", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს აქვს ძალზე პრინციპული დამოკიდებულება.
„ამიტომაც ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ის ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების, მათ შორის, ელჩ დანიგანის მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახალისებს ძალადობას", - განაცხადა მან.
თითოეულმა მათგანმა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რომელ ქვეყანას წარმოადგენს, როდესაც „ქართული ოცნებას“ მოძალადის კონტექსტში ახსენებს, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მათი ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებები ხელს უწყობს ძალადობას იმ პარტიების მხრიდან, რომლებსაც მხარს უჭერენ, აღნიშნა მდინარაძემ.
„ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ეს ორგანიზება და მომარაგება ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან. მათ ასევე კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ეს პარტიები არიან არა მხოლოდ დამნაშავეები, არამედ ამ ძალადობის ინიციატორებიც", - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველოს ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადეს მმართველ გუნდში.
ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მათ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს შანტაჟის ინსტრუმენტი გამოაცალეს. როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, თავიდან საქართველოს აშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსის თემით, ხოლო ამ სტატუსის ერთი წლის დაგვიანებით მინიჭების შემდეგ კი მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე გადავიდნენ.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ერთგულებაზე, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.
ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს საუბარს.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0