საგამოძიებო სამსახური ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

© Special Investigation Serviceსპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2024
გამოწერა
დაზარალებული ჟურნალისტისა და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7 დეკემბრის ღამეს გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდამსხმელთა დადგენისთვის სწავლობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და ატარებს გამოკითხვებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემთხვევა საქართველოს პარლამენტთან მორიგი აქციის დროს მოხდა. გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეოპერატორი გიორგი შეწირული სცემეს, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე კი მიწაზე დააგდეს - გადამღებ ჯგუფს წაართვეს და დაუმტვრიეს კამერა, ასევე წაართვეს მიკროფონი. კადრებში, ჩანს შავებში ჩაცმული რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილს ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.
უწყების ცნობით, სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
თავდამსხმელთა და მათი თანამზრახველთა იდენტიფიცირების, ასევე უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია.
ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.
გამომძიებლებმა განახორციელებს გიორგი ლალიაშვილის, რომელსაც ოპოზიციური მედია ასახელებს ერთ-ერთ თავდამსხმელად, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.
ტლეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა ლალიაშვილის ოჯახის წევრი.
კიდევ ერთი პირი, ლუკა თოფურიძე, რომელზეც ასევე მიუთითებს მედია, გამოძახებულია გამოკითხვაზე.
გარდა ამისა, სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმას პროვოკაცია უწოდა, რომლის მიზანიც, შესაძლოა, ყოფილიყო სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები მალე გამოვლინდებიან.
გარდა ამისა, კობახიძემ საჯარო შეხვედრებზე სხვადასხვა საშუალებებით სახის დაფარვის აკრძალვის დაწესება დააანონსა.
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი იშვიათად იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0