ხელისუფლება მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეთა მიერ სახის დაფარვა

© photo: Sputnikაქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2024
გამოწერა
პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინ, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. მმართველ პარტიაში ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს და მომხდარს პროვოკაცია უწოდეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„მნიშვნელოვანია ასეთი კანონის მიღება ქვეყანაში ძალადობის პრევენციისთვის. ტექნიკურად მოვახერხებთ იმის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნას მიღებული შესაბამისი კანონი, რომელიც თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს.
„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში და ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება", - განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0