საეკლესიო კალენდარი: 8 დეკემბერი

© press-service of the Roads Department of Georgiaგერგეტის სამება, ყაზბეგი
გერგეტის სამება, ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 დეკემბერს მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპის და პეტრესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის, ღირსისა პეტრე მდუმარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი
მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს - წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ.
წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.
მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ - მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს.
ღირსი პეტრე მდუმარე
ღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს. ცნობები ნეტარი მამის შესახებ იხილეთ 1 თებერვლის საკითხავებში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0