რას ვჭამთ: აჯიკასა და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა

© FB / Organic Spices of Georgiaსუნელები
სუნელები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქული წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. სურსათის ოთხ ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ნოემბერში სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს.
ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. კერძოდ, დარღვევები აღმოჩნდა აჯიკებისა (ამოღებული თბილისის, სენაკისა და რუსთავის აგრარულ ბაზარებში დახლზე მოვაჭრე პირებისგან) და დაღერღილი წითელი წიწაკის ( ამოღებული ოზურგეთის აგრარულ ბაზარში) ნიმუშებში.
ამოღებული პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში აკრძალული საღებავების ლაბორატორიულ კვლევას, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღებულია 113 ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა აკრძალული საღებავი.
დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენს იმპორტირებული წითელი წიწაკა. რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბრიდან წითელი წიწაკის იმპორტის განხორციელებისას გამკაცრებული მოთხოვნები მოქმედებს. წითელი წიწაკის (დაფქული, დაღერღილი) თითოეულ პარტიას იმპორტის დროს (გარდა ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის და ისრაელის) თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.
სუდანის ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქული წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.
ყველა ახალი ამბავი
0